პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინას არ სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საბჭოს კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული.

"პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინას არ სურს მშვიდობა — რომ ბურთი თითქოს უკრაინის მხარესაა გადაგდებული. თუმცა, ამჯერად, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ აღნიშნა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ხოლო ევროპელმა ლიდერებმაც დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ თავად პუტინი აღმოჩნდა კუთხეში მიყენებული. ის არ მოელოდა, რომ უკრაინელები დაიწყებდნენ კონკრეტულ წინადადებებს, რამაც მას სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა.

პუტინი თავისი პოლიტიკის ლეგიტიმაციას დასავლეთში იმით ცდილობდა, რომ თითქოს თვითონ მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ხოლო კიევს ომი ურჩევნია.

რაც შეეხება 2022 წლის მოლაპარაკებებს სტამბოლში - მაშინ რუსეთის მთავარი მოთხოვნა იყო უკრაინის არმიის დემილიტარიზაცია. მოსკოვს სურდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შემცირებულიყო 170,000-დან 100,000-მდე, უკრაინა გამხდარიყო ნეიტრალური სახელმწიფო და დე ფაქტო ეცნო ოკუპირებული ტერიტორიები. ამით კრემლს შესაძლებლობა ექნებოდა მომავალში დაეყენებინა სხვა მოთხოვნებიც, მათ შორის ისეთი, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა. საბოლოო ჯამში, იმ მოლაპარაკებების ლოგიკა მიანიშნებდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, გაუქმებასაც კი ისახავდა მიზნად.

დღეს კი, ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას ერთგვარი "მორალური კაპიტულაციის“ ელემენტი დაემატა - მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინამ სამართლებრივად აღიაროს თავისი დამარცხება.

ამასობაში, ბოლო საათებში პოლონეთმა ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი დივერსიულ მოქმედებებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში რუსეთს ღიად მიიჩნევენ ომის გამჩაღებლად”, - განაცხადა კობერიძემ.