ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა იმიტომ, რომ იმაზე დიდი დანაშაული არ არსებობს, როდესაც შენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ იტაცებ ამ ძალაუფლებას, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველების ხელით რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. 

"ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა იმიტომ, რომ იმაზე დიდი დანაშაული არ არსებობს, როდესაც შენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ იტაცებ ამ ძალაუფლებას კანონგარეშე და შემდეგ უკვე ქვეყანას აბარებ რუსეთს. ეს არ არის დანაშაული, რომელიც ერთხელ ჩაიდინეს და დასრულდა, ეს არის განგრძობითი დანაშაული, რომელიც ყოველდღე ხდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ებრძვის ამ დანაშაულს, დასაფასებელი და მხარდასაჭერია.

პაპუაშვილმა თქვა დღეს, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა კოლექტიური დანაშაული ჩაიდინეს რუსთაველზეო და მე ვეტყოდი მას, რომ თუ ვინმემ ამ ქვეყანაში ღალატი ჩაიდინა, ეს არის ის პირადად, ივანიშვილი და მისი გარემოცვა იმიტომ, რომ იმაზე დიდი ღალატი არ არსებობს, როდესაც შენ ქვეყანას აბარებ შენს მტერს. რაიმე განსაკუთრებული კი არ მომხდარა ამ საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქართველების ხელით რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ოპერაციები განსხვავებულია თავისი არსით, მაგრამ შინაარსი ერთი და იგივეა - ივანიშვილის, პაპუაშვილის და ამათი ხელებით ცდილობს დღეს კრემლი საქართველოს დამორჩილებას.

ამ ყველაფერს ისტორია შეაფასებს - ვინ არის მოღალატე და ვინ პატრიოტი, მაგრამ სანამ ისტორია შეაფასებს, მანამდე ქართველი ხალხი იზამს ამას იმიტომ, რომ საბოლოოდ, ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენ მოვიგებთ", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.