ის გარემოება, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არის უპრეცედენტოდ კრიტიკული, რომ მასში საუბარია წამებაზე, რეპრესიული კანონის მიღებაზე, ეს ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რამდენად ავტორიტარული ხდება "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საგარეო კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.

"მაშინ, როდესაც საქართველოში უპრეცედენტოდ გაუარესებული არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, როდესაც "ქართული ოცნება" იღებს უფრო და უფრო მეტ რეპრესიულ კანონს და უფრო მეტი ჩინოსანი არის ჩართული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ძალიან ადეკვატური და სიმბოლური არის, რომ ზუსტად ის ადამიანი გაუშვეს ამ ანგარიშზე პასუხის გასაცემად, რომელიც თავად არის სანქცირებული და ამაშიც ჩანს "ქართული ოცნების" საგარეო მიდგომების არაადეკვატურობა, რომელზეც არაერთხელ ვსაუბრობდით და ზოგადად, ის გარემოება, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არის უპრეცედენტოდ კრიტიკული, რომ მასში საუბარია წამებაზე, რეპრესიული კანონის მიღებაზე, ეს ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რამდენად ავტორიტარული ხდება "ქართული ოცნება" და რამდენად ეწინააღმდეგება მათ მიერ არჩეული კურსი საქართველოს მოსახლეობის ნება-სურვილს", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ჟენევაში დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა გაიმართება.