პოლიტიკური მოძრაობა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლებმა ეროვნულ ეკონომიკაზე თანამოაზრეებთან  საჯარო შეხვედრა გამართეს.

"მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება“, მშპ-ს მანიპულაციური ზრდით აზავებს პროპაგანდას და სუსის პირით ესაუბრება ქართულ ბიზნესს, პოლიტიკური ინიციატივა "ჯერ საქართველოს“ ხედვა, ერთი მხრივ მოწოდებაა ეკონომიკის როლისა და მნიშვნელობის გადააზრებისკენ, ხოლო მეორე მხრივ ფუნდამენტურად ახლებურ ჩარჩოს აყალიბებს სახელმწიფოს და ბიზნესს შორის ურთიერთობებში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შევქმნათ სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი მომსახურების ხარისხით, საერთო წესრიგის მიმართ სანდოობით და მცოდნე, ეფექტიანი ადამიანური კაპიტალით გამყარებული ეკონომიკური გარემო. ინკლუზიური გარემო, რომელიც ჯერ იმპორტსა და მოხმარებაზე დამოკიდებულებას ჩაანაცვლებს ექსპორტზე ორიენტირებული ეროვნული პოლიტიკით, შემდეგ ლიდერის როლს დაგვიბრუნებს რეგიონში, ხოლო გაუმჯობესების მთელი ეს პროცესი - ერთგვარი გარბენი იქნება საქართველოს ნახტომისთვის პირველ სამყაროში", - აღნიშნა შეხვედრაზე.