თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამების შესახებ დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში. 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი  ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. პროექტის თანახმად, ცილისწამების საქმის განხილვისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება.

"ეს ცვლილება,  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში  ასეა. ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა  და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი, სპილო, პირობითად ვამბობ. ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოუგონო ათასი სისულელე და მან უნდა ამტკიცოს, რომ მართალია.

ახალი მიდგომა მოგვცემს იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ. პასუხისმგებელი ხარ წარმოადგინო კონკრეტული ფაქტები  და დაუმტკიცო მას ის ბრალდება, რომელსაც პირდაპირი ეთერით, თუ სხვა საშუალებით ავრცელებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.