თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის მზად არის აღნიშნული პარტიის კოორდინაციისთვის და პოლიტიკური საბჭოდან გარიყულების დასაბრუნებლად.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პარტიას 2012 წლიდან მოსახლეობა შესაბამის პასუხს სცემს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა. როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომლის წევრებიც ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ა.შ. ხალხი მათ 2012 წლიდან შესაბამის პასუხს სცემს და ასე იქნება 2024 წელსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ პირადი გავლენისთვის იბრძვიან და სხვა ინტერესი არ გააჩნიათ.

"მელია, ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთზე დაპირისპირებული ადამიანები არიან, გავლენებისთვის იბრძვიან. ეს საკითხები არ მაინტერესებს. იქ არიან ჩარჩენილები, ჰქონიათ, რომ 2003 წელს რაც იყო, იგივე მოცემულობაა ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.