მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული, მაგრამ მაქვს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმების გატარებასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ახლა გარდამავალი ეტაპია, რომელიც ყრილობიდან 6 თვეს გაგრძელდება.

"ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაშია პარტია. ყრილობისთვის შესაგროვებელი იყო თანხები და პარტიის მხარდამჭერებმა ძალიან სწრაფად მოაგროვეს. ჩვენ გამოვაცხადეთ 6 თვიანი გარდამავალი პერიოდი და ეს პროცესი მიმდინარეობს. ზოგჯერ საჭიროა, შორიდან შეხედო პარტიას და დააკვირდე, რა პრობლემების წინაშეა ის. ამავე დროს, ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად ატარებს კამპანიას "მე მიყვარს საქართველო" და მე მგონია, რომ ამის შერწყმასთან ერთად ერთ კალაპოტში მოქცევის პროცესი უნდა დაიწყოს პარტიაში, რომელმაც პარტიას უნდა დაუბრუნოს ის ენერგია, რომელიც აშკარად გამოარჩევდა მას სხვა პარტიებისგან.

რაც შეეხება პარტიის რეფორმებს, მგონია, რომ კრიტიკული ადამიანი, რომელიც დახედავს ამ რეფორმებს, უნდა იაზრებდეს მის შედეგებს, წინასწარ უნდა ხედავდე, რომ რაღაც შეიძლება მტკივნეულიც იყოს, მაგრამ შენი მხარდამჭერი უნდა ხედავდეს, რომ ახლა ამის გაკეთება არის საჭირო  იმისთვის, რომ პოლიტიკური მოსავალი მიიღო. 

მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული, მაგრამ მაქვს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმების გატარებასთან. რაც შეეხება ჩემს ნაკლებად ჩართულობას, ეს არ არის პროცესიდან გამიჯვნა, უბრალოდ, ის მოვალეობები, რაც თავმჯდომარის პირველი მოადგილეობის დროს მქონდა, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული და ის ბორდი, რომელიც დღეს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.