ეს პარტია ისეთ კრიზისში, როგორშიც ახლაა, არასდროს არ ყოფილა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. რა უნდა მოსთხოვო მიხეილ სააკაშვილს იმაზე მეტი, რასაც აკეთებს?!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რა არის "ნაციონალური მოძრაობის" მოდელი - ამომრჩეველი, პარტია და მიხეილ სააკაშვილი.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონკრეტული გამოწვევა - ამ ქვეყანაში ყოველი ათი ამომრჩევლიდან შვიდი არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის "ნაციონალური მოძრაობის" მოდელი - ამომრჩეველი, პარტია და მიხეილ სააკაშვილი. პარტია დღევანდელი მდგომარეობით, სრულფასოვნად ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილისა და ამომრჩევლის ინტერესის ერთდროულად დაკმაყოფილებას.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მიხეილ სააკაშვილის წყენა მის  პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამ ბოლო რამდენიმე დღეში, მათ შორის ჩვენი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან უხეშად საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს პარტია ისეთ კრიზისში, როგორშიც ახლაა, არასდროს არ ყოფილა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო - ლიდერები არიან ციხეში, მიშა უწყვეტადაა ციხეში. ამას ემატება ის სერიოზული დარტყმები, რომელიც პარტიამ შეგნებულად, ძალიან სწორი პოზიციის გამო მიიღო. პარლამენტში დღეს რომ არ არის ფრაქცია, ის, რომ საკრებულოებში არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება არ არის, ის, რომ პარტიაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად ხმების გაყალბებისა, სერიოზული პრობლემა შეიქმნა ელექტორალური ხლეჩვის თვალსაზრისით - ეს გამოწვევები არსად გამქრალა და ემატება პარტიის შიგნით მუდმივი დაძაბულობები - ვიღაცა ვიღაცას არ ელაპარაკება, პრობლემებია, რომელიც ამ პარტიაში ობიექტურად გაჩნდა, უბრალოდ, ზოგი გამოდის და ამ პასუხისმგებლობებს აკისრებს მიხეილ სააკაშვილს, არასწორია ეს. ამ პარტიაში თუ მოდიხარ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა მოსთხოვო მიხეილ სააკაშვილს იმაზე მეტი, რასაც აკეთებს?! თითქმის 5 წელია ციხეშია. მიხეილ სააკაშვილს მე ვთვლი ჩემს უფროს მეგობრად და მრჩევლად.

თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიაში მუდმივად ბლოკავდა რეფორმებს, თითქოს სააკაშვილი იყო რაღაცის ფეხის დამდები - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მინდა გავრცელდეს ის სტანდარტი, რაც სხვა პოლიტიკური პატიმრების მიმართ არის პოლიტიკურ სპექტრში. მიხეილ სააკაშვილზე არავითარი მორატორიუმი არ არსებობს, გეგონება, გარეთ დგას და მიცდის და არ არის ციხეში.

მიხეილ სააკაშვილი სწორად თვლიდა, რომ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ნანუკა ჟორჟოლიანი შექმნიდნენ კარგ ტანდემს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.