ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა და დემოკრატია, არ გათავისუფლდებიან პატიმრები და არ დაინიშნება ახალი არჩევნები. მაღლა აწეული ხელით ვაჩვენოთ, რომ ვრჩებით გამარჯვებამდე, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.  

მისივე თქმით, ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

"როდესაც აქ მოვდიოდი, ვიხსენებდი 2024 წლის გაზაფხულის აქციებს, როდესაც ძალიან გაბრაზებულები ვიდექით აქეთ და  მოგიწოდეთ, რომ არ დავღლილიყავით და არ შეგვშინებოდა და გავიდა ერთი წელი და დღეს ისევ აქ ვართ, ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ვართ ბევრი და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე.

ტყუილია, რომ ცალკეა საზოგადოება. ჩვენ ვართ ერთად და ამ ბრძოლაში ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ტყუილებით ჩვენ შორის კედელი ააშენონ. მე ვიცი, რატომ ხართ თქვენ გაბრაზებული, თქვენ გაბრაზებთ ის, რომ ეს პარტია ამ ქვეყნის ცივილურ მომავალს გაკარგვინებთ, ეს პარტია არაფრად აგდებს თქვენს ხმას, რომ ის ჩვენს შვილებს ართმევს განათლების უფლებას.  თქვენ გაბრაზებთ ის ძალადობა, რომელიც აქ ნახეთ და რომ არცერთი პოლიციელია დასჯილი ამისთვის.

ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ამას გვკარნახობს ისტორიის კანონი. ყველგან, სადაც საზოგადოება იბრძოდა, გაერთიანდა, სადაც არ შეშინდნენ, სადაც არ დაიღალნენ, ამ ბრძოლის შედეგად მოიპოვა გამარჯვება და ეს მოხდება ახლაც აუცილებლად.

აქ შიმშილობენ ჩვენი მოქალაქეები და მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება ჯანმრთელი ჩვენთან ერთად ბრძოლაში, ამიტომ პირადი თხოვნაა, რომ გამოვიდნენ შიმშილობიდან ჩვენთან ერთად.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა და დემოკრატია, არ გათავისუფლდებიან პატიმრები და არ დაინიშნება ახალი არჩევნები. მაღლა აწეული ხელით ვაჩვენოთ, რომ ვრჩებით გამარჯვებამდე. ბოლომდე!", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.