რაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღარ იყო ფუნქციურად ისეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ კონიუნქტურას ძალიან დაექვემდებარა საპატრიარქო. სამწუხაროა ეს განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა დაიძაბა გარემო, როცა პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ, როცა ბევრი ადამიანი დაიჩაგრა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პატრიარქი ვერ გადგება მნიშვნელოვანი მოვლენებისგან შორს და მას დასჭირდება გარკვეული ვითარებების დაბალანსება და მართვა.

"განსაკუთრებული დღეა დღეს. ეკლესიის მთავარი და მისი საჭეთმპყრობლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ უნაკლოდ აღასრულოს ის ცნებები, რომელიც არის ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი და აქ უმთავრესი არის სიყვარული. როგორც პოლიტიკოსს, როგორც ადამიანს ეს კარგად მესმის. ეს სიმბოლიკა არის მნიშვნელოვანი.

ის ტრადიცია, რაც ილია მეორემ შექმნა, მნიშვნელოვანია. წლები ძალიან ხშირად ვიყავი საპატრიარქოში და სულ ვხედავდი იქ ოპოზიციონერებს, მათ, ვინც ჩვენ ძალიან მწვავედ გვიპირისპირდებოდნენ, მაგრამ იყვნენ ძალიან ახლოს უწმინდესთანაც, ის ისმენდა მათ აზრს და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, აბა, როგორ უნდა იყოს?! თუ აცხადებ, რომ ყველანი ქრისტეს შვილები არიან და ჩვენი სულიერი შვილები, შეიძლება ეს შვილები გამოარჩიო რაღაც ქცევით, ვიღაცას დაუყვავო, ვიღაცას შენიშვნა მისცე, მაგრამ სიყვარულით უნდა გიყვარდეს ყველა. ეს არის მთავარი ამბავი, რაც გასათვალისწინებელია. ღმერთმა იცის, როგორ წარიმართება პროცესები, მაგრამ ეს უნდა გაითვალისწინონ.

მას შემდეგ, რაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღარ იყო ფუნქციურად ისეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ კონიუნქტურას ძალიან დაექვემდებარა საპატრიარქო. სამწუხაროა ეს ჩემთვის და ვისთანაც სიტყვა მეთქმის, ეს გამომიხატავს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა დაიძაბა გარემო, როცა პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ, როცა ბევრი ადამიანი დაიჩაგრა ამ ქვეყანაში და ჩემი აზრით, დაჩაგრულის და სუსტის დაცვა ასეთ დროს არის მოვალეობა ეკლესიის და არა ის, რომ გამარჯვებულის, ან ძლიერის მხარეს იყოს, თუ ის ვინმეს ჩაგრავს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

მეორე ნაწილში, რაც ეხება დიდ მოვლენებს, ვერ გადგება პატრიარქი მოვლენებისგან, არა მარტო შეფასებისგან, არამედ იქნება მომენტები, როცა მას ქმედება, მედიაცია, რაღაცის დაბალანსება დასჭირდება, როცა მკვეთრიც იყოს გარკვეულ განცხადებაში და მე მინდა ვნახო პატრიარქი, რომელიც დაიცავს ჩვენს დედა ეკლესიას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და კარგად გაიაზროს საფრთხეები და ისე იმოქმედოს სინოდთან ერთად", - განაცხადა გიგი წერეთელმა.