შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ დუმს! მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე.

"შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ დუმს! თითქმის ერთი თვეა, სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართეს. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.  

სოფლის მოსახლეობის ნაწილი, სახელმწიფოს მართვაში მყოფი "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის გამო, უსახლკაროდ დარჩა, მიზეზი - მათი საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესებაა. რამდენიმე თვეა, ისინი კომპანიასთან 3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას და კომპენსაციების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ, მაგრამ "ჯორჯიან მანგანეზმა" მათთან მოლაპარაკებას საკითხით მანიპულირება არჩია. 

კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქრუთელები 31 დღეა, შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.

საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი - სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. "ჯორჯიან მანგანეზის" არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება. 

როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. 

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება. 
სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე", - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.

შუქრუთელები უკვე 6 თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ნაწილი უკვე ერთი თვეა,  შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. გუშინ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.