პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ შეცვლილა. 

როგორც მან სამხედრო აღლუმზე განაცხადა, პოლონელმა ხალხმა კარგად იცის, რა ფასი გადაიხადა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება ეხმარება ქვეყანას თანამედროვე საფრთხეების სწორად შეფასებაში.

"საფრთხე არ შეცვლილა. საფრთხე კვლავ იმავე მხრიდან, ნეოიმპერიული რუსეთის ფედერაციიდან მოდის. 106 წლის წინ ჩვენ ვიტყოდით – ბოლშევიკებისგან. დღეს შეგვიძლია, გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვები გავიხსენოთ. პერიფრაზით შეგვიძლია, ვთქვათ: ერთ დროს საქართველო, დღეს უკრაინა, ხვალ შესაძლოა, ბალტიის ქვეყნები და ჩემი სამშობლო, პოლონეთი, ხოლო ერთ დღეს შესაძლოა, ბერლინი, პარიზი და მთელი დასავლეთ ევროპა. ამიტომ დღეს, ევროპის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და პოლონელი ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებლობის გამო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვარშავის ბრძოლა ომის გარეშე მოვიგოთ“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.

პოლონეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.