2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს, ნიკას ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ასახა მოსამართლემ წინა აღუსრულებელი განაჩენი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული სასჯელის აღსრულებას, რაც ჯარიმას გულისხმობს.

"2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს, ნიკას ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ასახა მოსამართლემ წინა აღუსრულებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25 000 ლარი ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რაც არ უნდა იკითხონ და წერონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული სასჯელის აღსრულებას, რაც ჯარიმას გულისხმობს. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, ის ორჯერ არის დაპატიმრებული, დღეს საერთოდ, გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არის გამოყენებული", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. გარდა ამისა, მელიას განაჩენს 25 000 ლარი დაემატა 2019 წლის განაჩენთან დაკავშირებით. 2019 წელს მელია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" საქმეში დამნაშავედ ცნეს.