ამ წუთში ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ალიანსისთვის ეს პერიოდი არის დისფუნქციური, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის შექმნა ხალხის დაკვეთა იყო და ახლა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პროცესს გადის ალიანსი.

"მე არ მახსოვს, რომ ჩემი კოალიციის წევრებისგან თავდასხმები ყოფილიყოს და არც იქნება, სანამ ალიანსი არსებობს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ალიანსისთვის ეს პერიოდი არის დისფუნქციური. ალიანსს აქვს შანსი, რომ გადარჩეს იმ შემთხვევაში, თუ დავუბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. 

ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ არ ვართ ერთი პარტია, ჩვენ არ ვართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, ჩვენ ვართ საქმის კეთებისთვის შეკრებილები, მაგრამ როცა შეუძლებელი ხდება საქმის კეთება დისფუნქციურობის გამო. ადრეც ვთქვი, ჯობია, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, განვითარების გზას ვხედავთ თუ არა. ჩემთვის ახლა ეს გზაჯვარედინია, მე არ შემიძლია არაფრის კეთება, ჩემთვის აუცილებელია, რომ დავკავდე რამით, მით უმეტეს, სულ არ მგონია, რომ ბევრი დრო მაქვს თავისუფლებაში ყოფნის. ამიტომ, თუ ჩვენ ამგვარი მოქმედების პლატფორმა ავირჩიეთ, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ ამგვარად, ან უნდა ავირჩიოთ, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას და არა ცხოვრებას. მე - კოალიციას - მინდა საქმის გაკეთება, მოქმედების გაგრძელება და შედეგის მიღებას.

ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა ერთობისთვის, ხალხის დაკვეთით აიტანოს, გააკეთოს, თვითშეზღუდვები დაიწესოს, მაგრამ ეს შეიძლება მაშინ, თუ ამას შედეგი მოაქვს. მე არ ვაანონსებ ალიანსის განხილვას, ხალხის დაკვეთა იყო, რომ ამგვარი ერთობა შემდგარიყო, ახლა ხალხს უნდა მოვუყვეთ ამგვარ ერთობაში რა ხდება.

რაც შეეხება არჩევნებს, ამბავი მარტივია - ჩვენ არანაირი ბოიკოტის რეჟიმში არ ვართ, რისი ბოიკოტის, ესეც არ მესმის. 2028 წლის არჩევნებზე საერთოდ საუბარიც ნაადრევია, ჩემი აზრით. ჩვენი ამოცანაა, რომ გინდ წელს, გინდ - მომავალ წელს, სისტემას დავათმობინოთ არჩევნები. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ახლა ჩაინიშნოს არჩევნები და იმაშიც გვინდა მონაწილლეობა, არა თუ 2028 წელს, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არჩევნები კი არ გაუქმდეს, არამედ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ნორმალური არჩევნები კი საბაზისო დემოკრატიის პრინციპებს ნიშნავს, რატომ ესმით ეს ბოიკოტად. ბოიკოტი გვაქვს ივანიშვილთან და არა არჩევნებთან. ჩვენ არ შევუერთდებით იმაში, რომ ყველაფერზე თანახმა ვართ. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის ამას არჩევნებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.