არ იქნება ხვალ იმდენი ადამიანი, რამდენიც მე მგონია და მინდა, რომ იყოს? მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ჯერზე იყოს ამდენი ადამიანი, ამიტომ, ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ, მაგრამ მჯერა, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ბრძოლას ვერ შეაწყვეტინებს ადამიანების ვერანაირი რაოდენობა.

"26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე პროტესტის გადაყვანას, რაც მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას. 

ბრძოლას ვერ შემაწყვეტინებს ადამიანების ვერანაირი რაოდენობა, ვერანაირი იმედგაცრუება, რადგან იმედგაცრუება არის ხანმოკლე, მაგრამ ბრძოლა ფასეულობებისთვის არის მუდმივი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ იმედგაცრუება ხვალ არ მექნება, უფრო სწორად, დარწმუნებულიც ვარ, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ არცერთ შემთხვევაში. არ იქნება ხვალ იმდენი ადამიანი, რამდენიც მე მგონია და მინდა, რომ იყოს? მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ჯერზე იყოს ამდენი ადამიანი, ამიტომ, ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ, მაგრამ მჯერა, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი.

ხვალ, 19:00 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. გვინდა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს. აქვე, გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს,  ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად, ვადამდელი იქნება ეს, თუ 2028-ის, ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი უნდა იყოს დემოკრატიულ არჩევნებზე, მე მგონი, ეს უტყუარი ამბავია. ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. გამოვა -  არ გამოვა 2028 წლის იქით ხომ ვეღარ წავა "ქართული ოცნება", ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

26 მაისს ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს. მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.