კვირა არ გადის, ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა ტიპის სანქციებს აქვეყნებენ საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის სანქციები მნიშვნელოვანია.

"კვირა არ გადის, ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა ტიპის სანქციებს აქვეყნებენ საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. იქნება ეს სავიზო შეზღუდვები, თუ იქნება ფინანსური სანქციები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ განგრძობითად ხდება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა, ხდება დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები და რა თქმა უნდა, ისინი ამით ცდილობენ, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. 

პოლონეთი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში ისინი მუდმივად ქართველი ხალხის გვერდით დგანან ამ ბრძოლაში და იმიტომ, რომ დღეს მათ სიტყვას ევროკავშირში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”,  - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.