სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც მკაფიოდ და ცალსახად თავის სახელს არქმევს ყველაფერს. "ქართულ ოცნებას" კი ეხმარება რუსეთი, რომ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

"აშკარად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც მკაფიოდ და ცალსახად თავის სახელს არქმევს ყველაფერს. ეს პოლიტიკა კი რუსულია და "ქართულ ოცნებას" ეხმარება რუსეთი, რომ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს. ისე უმკლავდებიან სომხეთი და მოლდოვა რუსულ გამოწვევებს, საერთოდ არც კი იციან დედამიწის ზურგზე თუ არსებობს სადმე რამე "ომის პარტია". ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების თავშია მოხარშული, რათა არჩევნებამდე მიგორდნენ და ყველაფერი ხელის შემშლელი ფაქტორები გაანადგურონ, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ახლა ნამდვილად მაქვს განცდა, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობენ ოპოზიციური პარტიები, ვისაც უნდა გამსხვილება - მსხვილდება. ბუნებრივია, ყველა ვერ გაერთიანდება და ვინც ვერ გაერთიანდება მას თავისი პოზიცია ექნება, ამიტომ მთავარია, ოპოზიციამ ერთმანეთი არ დაჭამოს და ერთმანეთის ჩაძირვა არ დაიწყონ. 

"ქართულ ოცნებას" გულმხურვალე ამომრჩეველთან ერთად ჰყავს გულმხურვალე მოწინააღმდეგეც, რომელიც ყველას მისცემს ხმას "ოცნების" გარდა. ასევე პრინციპულად მოწინააღმდეგეები ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობასაც". დანარჩენების მიმართ არ არის ასეთი მიუღებლობა, ამიტომ კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არ შევეხოთ მესამე კონტინგენტს ამომრჩევლების, რომელსაც არ უნდა არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.