პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოება აღარ აპატიებს პოლიტიკურ შეცდომებს, თუკი ეს შეცდომები დაშვებული იქნება მოუმზადებლობით, კოორდინაციის ნაკლებობით, ერთობის ნაკლებობით და პარტიის ინტერესების დაცვით, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ერთი ოპოზიციური ცენტრი, თუმცა ეს საერთო სიას არ გულისხმობს.

"ვთქვათ, მოქალაქეთა თავგანწირვამ მოიტანა შედეგი და მაგალითად, მომავალი წლის გაზაფხულზე ცხადდება არჩევნები, ან შემოდგომაზე და პოლიტიკური სპექტრი რომ მოუმზადებელი შეხვდეს ამ დღეებს და ამ არჩევნებს, ამას საზოგადოება ვინმეს აპატიებს? გასაგებია, რომ შარშანდელი არჩევნები საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად აპატია, თვითმმართველობის არჩევნებზეც დაქსაქსულობა და წინააღმდეგობრივი პოზიციონირება, სადაც ვერავინ ვერ მოიგო სინამდვილეში, ესეც აპატია საზოგადოებამ და პოლიტიკურ სპექტრს არავინ არ აპატიებს, საზოგადოება აღარ აპატიებს პოლიტიკურ შეცდომებს პოლიტიკოსებს თუკი ეს შეცდომები დაშვებული იქნება მოუმზადებლობით, კოორდინაციის ნაკლებობით, ერთობის ნაკლებობით და პარტიის ინტერესების დაცვით.

მე ერთიანობაზე ან ერთიან სიაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ, რომ ეს არსებობს ოთხი უკვე არსებული პოლიტიკური ცენტრი და ამ ოთხი ცენტრის ხელოვნური მათემატიკური გაერთიანებაა. შეიძლება ეს წინა არჩევნებზე ყოფილიყო და შეიძლება უფრო ეფექტურადაც ემოქმედა ამას. მე ვგულისხმობ, რომ უნდა შეიქმნას ერთი ოპოზიციური ცენტრი, ეს როგორ შეიქმნება და რა პროცესი შეიქმნება, ამაზე უნდა არსებობდეს პოლიტიკური შეთანხმება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.