ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ეს რუსული რეჟიმი კვლავ უპირისპირდება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს ჩვენთვის დიდი პატივია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი გუნდი პარტიის აკრძალვის საკითხს სტრასბურგში გაასაჩივრებს.

"მინდა პირდაპირ ვთქვა, - ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ეს რუსული რეჟიმი კვლავ უპირისპირდება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს ჩვენთვის დიდი პატივია იმიტომ, რომ რუსეთი უპირისპირდება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რაც არის უშუალოდ დაკავშირებული მის შემქმნელთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან. ვამზადებთ ყველაფერს სტრასბურგისთვის. ვაპირებთ, რომ ამ სარბიელზე, ამ რეალურად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთოთ ძალიან სერიოზულად, იქ თავისი სამართლებრივი ნაწილითაც. ამან გვაჩვენა, რომ მართლები ვიყავით, გვაჩვენა, რომ ზუსტად ისე უნდა გვემოქმედა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, როგორც ვამბობდით ჩვენ და ახლაც მზად ვართ, ასე ვიმოქმედოთ - გადავწიოთ ჩვენი ინტერესი უკანა რიგზე. ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ჩვენი სახელი დაირქვან და ჩვენი ნომერი ატარონ. მეტი რა ვქნათ, მეტი რა დავთმოთ?!

რაც შეეხება პარტიების ერთიანობას - ორმა პარტიამ პირდაპირ რომ დურთა თავი და რუსულ სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, ახლა კიდევ გასაგები გახდა, ალბათ, ბევრისთვის, თუ რატომ არ შედგა იმ 4 პარტიის ერთიანობა, რომელზედაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოგვიწოდებდა. რომ არ შედგა ეს ერთიანობა, ამან გაუადვილა რეჟიმს, ჩაეტარებინა 2024 წლის სპეცოპერაცია და ეს ალბათ, ყველამ დაინახა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.