საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტობისთვის თეა წულუკიანს, პრემიერობისთვის კი კახა კალაძეს ამზადებს.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას წულუკიანის პრეზიდენტობა სჭირდება იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად პოლიტპატიმრები არ შეიწყალოს.

"მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისთვის, რომ არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა.

არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერობისთვის, იმიტომ, რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება. მთავარია, არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას და კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით და მთელი იმ პროდუქციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო და სადაც ეს კლანი კორუფციული არის ძალიან აქტიურად ჩართული", - განაცხადა სააკაშვილმა.