საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა.

"ქუთაისი ცოდნის, პროგრესისა და დემოკრატიული ღირებულებების ქალაქია, რაც მას ევროპის დღის აღსანიშნავად ნამდვილად შესაფერის ადგილად აქცევს. ჩვენ აქ ვართ, რათა ხაზი გავუსვათ 30 წელზე მეტი ხნის მეგობრობასა და პარტნიორობას. ყველას გიწვევთ, შემოგვიერთდით, რომ შევიგრძნოთ იმერეთის ენერგია და აღმოვაჩინოთ, რა აერთიანებს ევროკავშირსა და საქართველოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები მოიცავდა ფიზიკური, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების ნაზავს.

ქალაქის მასშტაბით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის 12-კმ-იან ველოტურს და ევროპის დღის ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი.

ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე „ქალი, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ და ფოტოგრაფიის მასტერკლასი „ისტორია თქვენს თვალწინ“ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.

ევროპის დღის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „10 წელი ფოკუსში“, სადაც მსურველებს შეეძლოთ "ევროკავშირის პრიზის ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოები დაეთვალიერებინათ. დღე  დოკუმენტური ფილმის „ქუთაისის ტალღა“ ჩვენებით დასრულდა; ფილმი EU4Culture პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და ქალაქის მდიდარ, ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობასა და საზოგადოებრივ მდგრადობას შეეხება.

ღონისძიებებში ყველა ასაკის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და შესაძლებლობა მიეცა მეტი გაეგო საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, ჩართულიყო კულტურულ გაცვლით პროგრამებში და უკეთ გასცნობოდა იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს საერთო აქვთ.