წარმოუდგენელია ის შესაძლებლობები, რასაც გვაკარგვინებს ივანიშვილი. ასეთი უმწეობის, უსუსურობის განცდა ოდესმე თუ ჰქონია ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ერს?!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური გადალაგებები და საქართველო ამ დროს თამაშგარეა.

"მუდმივად საუბრობენ მშვიდობაზე ეს მატყუარა კრიმინალები, ფარისევლები და ამ დროს მშვიდობის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი თანამედროვე ისტორიაში ყოფილა ჩვენს რეგიონში, არის დღეს და ამის მთავარი არქიტექტორი არის კაცი, რომელთანაც საქართველოს პირველი პირი მეგობრობდა და დღეს ეს კაცი წერს საქართველოს მეზობელ სომხეთზე, სამხრეთ კავკასიის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე და საერთოდ არ ახსენებს საქართველოს. ასეთი უმწეობის, უსუსურობის განცდა ოდესმე თუ ჰქონია ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ერს?! წარმოუდგენელია ის შესაძლებლობები, რასაც გვაკარგვინებს ივანიშვილი.

ამ გადალაგებას რაც შეეხება, აქაც ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ამ ინტერესების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათი სურვილი იქნებოდა, რომ ტრამპის მარშრუტი გასულიყო პირდაპირ შავ ზღვაზე იმიტომ, რომ ის ემსახურება იმას, რომ ცენტრალური აზიის ტვირთები წამოვიდეს დასავლურ ბაზრებზე, ეს იქნება ევროპული თუ ამერიკული, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით. ეს, ალბათ, ამ საუკუნის თუ არა, ჩვენი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადალაგებაა იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონში ბოლომდე შემოდის მთავარ დომინანტ ლიდერად და ჰეგემონად ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობდა, რომელსაც ჯერ კიდევ წლების წინ უთხრეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ფოკუსში აღარ არის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.