ევროკავშირის მიერ "ინტერ-რაოს" დასანქცირებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რა მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სფეროში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლებმაც სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა, აუცილებლად გახდება მომავალში სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისა და გამოძიების საგანი.

"ევროკავშირის მიერ „ინტერ-რაოს“ დასანქცირებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რა მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ.

ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსათვის” 139 მილიონი დოლარის გადახდა უწევთ. ეს ვალდებულება ქვეყანას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე დაეკისრა. თანხის გადახდა უკვე დაწყებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად 2028 წლის ივლისში დასრულდება.

კიდევ უფრო მძიმეა „ნამახვანის“ საქმე. არსებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ამ ეტაპზე მხოლოდ გადახდის ვადებია დასადგენი.

139 მილიონი დოლარი „ინტერ-რაოსთვის“, 400 მილიონ დოლარზე მეტი „ნამახვანისთვის“, გაუქმებული საინვესტიციო ვალდებულებები, ჩაშლილი ენერგეტიკული პროექტები და საბოლოოდ გაზრდილი ტარიფები - ეს არის იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებდა.

ენერგეტიკის სფეროში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლებმაც სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა, აუცილებლად გახდება მომავალში სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისა და გამოძიების საგანი. ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.