პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განსხვავება ამერიკაში და საქართველოში განსახორციელებელ ინვესტიციებს შორის არსებობს.

"საამიროები ამერიკის შეერთებულ შტატებში  1,4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციების ჩადებას აპირებენ მომავალი ათი წლის განმავლობაში.

ვნახოთ რაზეა საუბარი. ესაა ინვესტიციები წარმოებასა და მაღალტექნოლოგიურ სფეროში, კერძოდ:

- ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები, მონაცემთა ცენტრები და ინფრასტრუქტურა.

- ენერგეტიკა და ქიმიური წარმოება: ბუნებრივი აირის მოპოვება, ენერგოინფრასტრუქტურა, დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიები და ა. შ.

- წარმოება და მრეწველობა: აშშ-ის სამრეწველო საწარმოების შექმნა, წარმოების განვითარების ხელშეწყობა.

- კრიტიკული რესურსები და მინერალები: ალუმინის წარმოება, იშვიათი მინერალების მოპოვება და გადამუშავება.

რა სახის ინვესტიციებია საქართველოში? მდიდრული კოტეჯების მშენებლობა  და გაყიდვა ძირითადად უცხოეთის მოქალაქეებზე, მათ შორის მუდმივად ცხოვრების მიზნით.

არის თუ არა განსხვავება ამერიკაში და საქართველოში განსახორციელებელ ინვესტიციებს შორის? ვინმე უარს იტყოდა იმ სახის ინვესტიციებზე, რომელსაც საამიროები ამერიკაში განახორციელებს? პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.