პუტინმა დაიწყო ომი საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ პუტინი მიიღებს უკრაინაში იმას, რაც სურს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ ყველაზე მეტად, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ხანგრძლივი მშვიდობა. არ ვიცი, როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა არ იქნება, თუ პუტინი მიიღებს იმას, რაც სურს უკრაინაში. წარსულში ის იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი პუტინთან შეთანხმებით დასრულდება“, – განაცხადა რუტემ ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არც სტაბილური იქნება და არც გრძელვადიანი, თუ ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი და კიმ ჩენ ინი, ისევე როგორც ირანის რეჟიმი, თავს უფრო ძლიერად იგრძნობენ. რუტეს თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება, რომელიც ემსახურება მათ ინტერესებს, იქნება გზა გლობალური არასტაბილურობისკენ.