საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოსა და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთოსა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთოს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.

აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთოს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ნოტაში.