საქართველო ევროპაა!!! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი.

"საქართველო ევროპაა!!! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი. 

როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს ნაციონალების მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ ოცნების მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც ნაციონალი ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება. 

ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს. 

მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - წერს ირინა იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.