ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია. რატომ, ვინ და რისთვის მიავლინა დიპლომატებად იმ ქვეყნებში? რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის?, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით წერს.

"1629 წლის 3 ნოემბერს ვატიკანში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით ადრე ნამდვილი დიპლომატის მისიას ასრულებდა: იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეძებდა ევროპასთან კავშირებს და ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამხდარიყო იმპერიული გავლენის მსხვერპლი.

ამ მიზეზით, 2004 წელს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავაფუძნე ქართული დიპლომატიის დღე. დიპლომატია, როგორც ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებისა და პროფესიული ღირსების სიმბოლო. მაგრამ დღეს, ამ თარიღზე, რთულია სიჩუმე და სიმართლის არ თქმა.

დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური!

სულხან-საბა ევროპის გზას იმიტომ დაადგა, რომ საქართველო არ გამქრალიყო;

დღეს კი ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია. რატომ, ვინ და რისთვის მიავლინა დიპლომატებად იმ ქვეყნებში? რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის?

ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით - მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, მტკივნეულია და მოითხოვს ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადოთ, დათმოთ ის კომფორტი, რომელიც სწორედ ამ ევროპაში, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოიწყეთ, ქართველი ხალხის წყალობით, და რომელსაც დღეს თქვენი უმოქმედობით თქვენც ართმევთ ევროპულ მომავალს.

დიპლომატია უნდა იყოს ღირსება, მაგრამ ის დღეს თქვენში არაა!", - წერს ზურაბიშვილი.