კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის შემდეგ, ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებამ" ჩაიდინა დანაშაული და უღალატა ხალხს.

"ჩინელებმა ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს. სამი წლის განმავლობაში შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და ანაკლიის პორტი უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა.

აქ ფინანსები კი არ არის მთავარი, არამედ პორტის სამომავლო სიცოცხლის უნარიანობა. დიდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის შემდეგ, ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს.

"ოცნების" მთავრობამ ჩაიდინა დანაშაული, უღალატა ხალხს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.