ვხედავთ როგორ აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს ქუჩებიდან პირბადის გამო, მაგრამ ადამიანს, რომელმაც 7 მილიონი მოჰპარა ქვეყანას, იმას სუსის შენობიდან უშვებენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 7-ჯერ 7 მილიონის ზიანი მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანას.

"ბიძინა ივანიშვილი ამას იყენებს იმისათვის, რომ როცა ვინმე აღარ მოეწონება, შემდეგ გამოიყენოს დასაქვემდებარებლად ან თუ არ დაემორჩილება, მის პოლიტიკურ გასანადგურებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვაქვს.

ვხედავთ როგორ აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს ქუჩებიდან პირბადის გამო, მაგრამ ადამიანს, რომელმაც 7 მილიონი მოჰპარა ქვეყანას, იმას სუსის შენობიდან უშვებენ.

დარწმუნებული ვარ, 7 მილიონი კი არა, 7-ჯერ 7 მილიონი იქნება მინიმუმ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეგობრებმა და კრიმინალურმა ბანდამ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა. სუსის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.