მოვითხოვთ ანასტასია ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანასტასია ღირსეული წარმომადგენელია იმ თაობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის როგორც თავისუფლების, ისე დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, „სამოქალაქო იდეა“ გმობს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას, დევნასა და სამოქალაქო აქტივიზმის მიზანმიმართულ კრიმინალიზაციას.

"2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტისას, სამართალდამცველებმა ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით გაიტაცეს და დააკავეს ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე და საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური მონაწილე ანასტასია ჯაფარიძე. მისი დაკავება წარმოადგენს რეჟიმის მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმის და პროტესტის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ძალისმიერ ქმედებას. ანასტასია ჯაფარიძე არის ღირსეული, განათლებული და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდა, რომელიც წლებია მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროექტებში.

მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანასტასია ღირსეული წარმომადგენელია იმ თაობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის როგორც თავისუფლების, ისე დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა. „სამოქალაქო იდეა“ მზადაა ანასტასიას და მის ოჯახს გაუწიოს სრული სამართლებრივი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სანამ მასზე მიმართული უსამართლო და უკანონო დევნა არ შეწყდება. 

„სამოქალაქო იდეა“ გმობს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას, დევნასა და სამოქალაქო აქტივიზმის მიზანმიმართულ კრიმინალიზაციას. სოლიდარობას ვუცხადებთ  ყველა პოლიტპატიმარს, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნის ღირსებისთვის დგას ქუჩაში, და ვისაც დღეს რეჟიმი თავისუფლებას ართმევს. 

საქართველოს მომავალი იმ ადამიანებზე დგას, ვინც აცნობიერებს თავისუფლების, ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული ღირებულებების ფასს", - აღნიშნულია განცხადებაში.