საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცესკომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

"დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

ინიციირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის „ქართული ოცნებიდან“ ინიციირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.