ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვთავაზობთ ბოლომდე პრინციპულ ბრძოლას ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

"რატომ მარტო თბილისი? რა ბათუმში არ მოვიგეთ? ქუთაისში არ მოვიგეთ? რუსთავში არ მოვიგეთ? რატომ ლაპარაკობენ მარტო თბილისზე? მაგრამ ისიც, 2024-ისაც რომ სპეცოპერაცია იყო, ხომ ვაღიარეთ? ამიტომ, მამუკაც და სხვებიც არ შევედით პარლამენტში. 2024-ის შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? - დავსვათ ეს შეკითხვა. დებილი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ვითარება გაუარესდა - თვითონ "ლელოს" ორი ლიდერია ციხეში, საკანონმდებლო სფეროში კატასტროფა ხდება, ცესკოში რა ხდება, ვიცით.

ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვთავაზობთ ბოლომდე პრინციპულ ბრძოლას ქვეყნის შიგნით. იმ 45% ადამიანს, რომლებიც წინა არჩევნებზე არ მოვიდნენ, გამოფხიზლებას.

ასევე, საერთაშორისო ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

ახლახან მივიღეთ ხელშესახები სანქციები ჩვენი მეგობრების მხრიდან და ეს ხომ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. "მეგობარი აქტი" არის მოახლოებული, ევროკავშირი მუშაობს, რომ ორბანის წინაღობა დაძლიოს, იქ ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ, ცოტა ხანში ბრიტანეთშიც წავლენ, რაც პირადად ივანიშვილისთვის ძალიან მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი იზრდება, საერთაშორისო ფაქტორი იცვლება საქართველოს საკეთილდღეოდ, რომ მსოფლიოში ბნელი ძალები მარცხდებიან და ნათელი - იმარჯვებენ. 

ამიტომ, სულსწრაფები არ უნდა ვიყოთ, როგორც დავიწყეთ ართანამშრომლობა ამ მოღალატეობრივ რეჟიმთან, ისე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის გეგმა, სტრატეგია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.