დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ეხებოდა იარაღს, რომელიც უკვე ინახებოდა პოლონეთში არსებულ საწყობებში, - ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

როგორც WSJ წერს, თეთრი სახლისა და კონგრესის წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების დროს პოლონეთს ჰქონდა „ორ ათეულზე მეტი Patriot PAC-3 რაკეტა, ორ ათეულზე მეტი Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Hellfire ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა და 90-ზე მეტი AIM ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა“.

ამავდროულად, პენტაგონმა განაცხადა, რომ საქმე არ ეხებოდა უკრაინისთვის დახმარების სრულ შეწყვეტას, მაგრამ ტრამპს შესთავაზებენ სამხედრო დახმარების გაგრძელების ვარიანტებს, რომლებიც შეესაბამება მის მიზანს - ომის დასრულებას.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა.

ფიცპატრიკი წერს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაციამ მასში „სერიოზული შეშფოთება“ გამოიწვია.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ეს ამბავი უკრაინაზე რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმების გახშირების ფონზე გავრცელდა.

ამავდროულად, ფიცპატრიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ სამშობლოს იცავენ, არამედ "თავისუფლების ფრონტის ხაზსაც იკავებენ“.

"მე ოფიციალურად მოვითხოვე თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტისგან საგანგებო ბრიფინგის ჩატარება ამ ცნობების გასარკვევად, ჩვენი ქვეყნის იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების გადასახედად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეერთებული შტატები სრულად ერთგული რჩება უკრაინისთვის იმ რესურსების მიწოდების მიმართ, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად“, - წერს კონგრესმენი.