თეა წულუკიანის მტკიცებით, "2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს".

წულუკიანის თქმით, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა.

„სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში, პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდანაც გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა.

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან: გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები, ამ პირთა ახსნა-განმარტებების შედეგად, ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე, ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებდნენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წამყვანი და პასუხისმგებელი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დამხმარე, ასეთ პირობებში, გაურკვეველი დარჩა ვინ იძლეოდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში, მისი თქმით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა სანაკოევი, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის დაიბარა 2008 წლის 7 აგვისტოს 17:00 საათზე, თავისთან და უთხრა, არ იყო გამორიცხული, რომ იმ საღამოს ის ანუ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევას დაიწყებდა. ამაზე სანაკოევმა უპასუხა: „ეს იყო ის, რასაც რუსები ელოდნენ“. სააკაშვილმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ „ყველაფერი შეთანხმებული იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.