"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროპული ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გაცვალეს.

"პრეზიდენტი იმყოფებოდა ევროპაში, მეც ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე და შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში, ასე რომ, ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ პრეზიდენტთან, ისევე როგორც ჩვენთან, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და რომ ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საბოტირებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არჩევნების დღის მნიშვნელობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით, იმიტომ რომ კარგად გვესმის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების როლი საქართველოს ევროპულ მომავალში", - განაცხადა ბოკუჩავამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ ლიდერებს შეხვდა, შეხვედრაზე კი მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.