ნუთუ ასე ჩარჩა ჩვენი საზოგადოება, ან პოლიტიკოსების ნაწილი კომუნიზმში, რომ სიტყვა ვაჭრობას ცუდად იყენებთ? თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ოპოზიციონერების კრიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გაუგებარია როგორ ესმით ამ ადამიანებს კოალიციური მთავრობა მაშინ, როცა პოლიტიკურ ვაჭრობას აკრიტიკებენ.

"ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც მართლაც პოლიტიკური ვაჭრობა შედგა ღია, საჯარო და გასაგები წესებით. ჩვენ ძალიან პროგნოზირებადი პარტია ვართ. ყველამ იცის, რა პრინციპები გვაქვს, არ ვარღვევთ. იგივე კვოტების შემთხვევაში, წლებია, ერთი და იმავე პოზიციაზე ვართ, ყველა მხარდამჭერმა იცის, რა პოზიცია გვექნება, თუ გადასახადებზე წავა საუბარი, სასამართლოზე, თავდაცვაზე. ჩვენი პრინციპები საჯაროა და ყოველდღიურად ვიცავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია. გვერდით გადავდებ ისტერიკას და ლანძღვას, რომელსაც 2 დღე ვისმენ. მაინტერესებს, რა არის მათთვის სწორი პოლიტიკა. მთელი ოპოზიცია საუბრობს, კოალიციურ მთავრობაზე. რა არის კოალიცია, თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა. ნუთუ ასე ჩარჩა ჩვენი საზოგადოება, ან პოლიტიკოსების ნაწილი კომუნიზმში, რომ სიტყვა ვაჭრობას ცუდად იყენებთ? თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების გაუქმებას. ინიციატივა "გირჩს" ეკუთვნის, რომელსაც "ქართული ოცნება" მხარს უჭერს. პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.