როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მან აიღო ვალდებულება, რომ დაიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე შორდება ქართული ხელისუფლება ამ პრინციპებს, - ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები და კრიტიკული შეფასებები სწორი და სამართლიანია.

"ეს ანგარიში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან გახშირდა მსგავსი ანგარიშები და კრიტიკული შეფასებები, პრაქტიკულად, აღარ დარჩა არცერთი უწყება, რომელიც საქართველოში არსებულ უკუსვლაზე არ საუბრობდეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში რეპრესიები გრძელდება და რომ ხელისუფლება არ ცვლის პოზიციებს, არ აპირებს დაუბრუნდეს კონსტიტუციას და იმ ვალდებულებებს, რომელიც მას გააჩნია.

როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მან აიღო ვალდებულება, რომ დაიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე შორდება ქართული ხელისუფლება ამ პრინციპებს და ის არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც მიეცა. მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები სწორედ ამიტომ არის ამ და კიდევ სხვა ორგანიზაციის წევრი, აქედან გამომდინარე, ეს რეაქციები სათანადო და სწორია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.