ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, შეაჩეროს დისკუსიები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს აშკარად ეწინააღმდეგება.

ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.

კატეგორიულად ვგმობთ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებზე. ვგმობთ ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში, ასევე ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამ საკითხს საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში მოვაქცევთ, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და გარდა ამისა, განვიხილავთ ქართული ოცნების ქმედებების შედეგებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.