ესენი ასრულებენ მტრის დავალებებს. დიქტატორების დრო მიდის წარსულში, ყველაფრის გათვალისწინებით, რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეჟიმი ებრძვის ყველაფერ იმას, რასაც "ვარდების რევოლუციით" მიაღწია ქვეყანამ.

"შემოიღეს სისტემა, რომლითაც ტელევიზიები და სხვა მედიები თუ გააკრიტიკებენ მოხელეებს კორუფციისთვის, ისინი შეიძლება დაიჭირონ, არა მოხელეები, არამედ ჟურნალისტები და ჩასვან ციხეში, ან გადაახდევინონ ჯარიმა. აკრძალეს კორუფციის დანახვა და შემჩნევა. ახლა გამოაცხადეს, რომ აუქმებენ ერთიან ეროვნულ გამოცდას - ისევ სრული მასშტაბით შევა კორუფცია ჩვენი განათლების სისტემაში. ერთი სიტყვით, ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარს და ეს ნგრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ ნგრევას ყოველთვის მოჰყვება ყველაზე დიდი აღმშენებლობა. ამას ვამბობ, როგორც "ვარდების რევოლუციის" ლიდერი. ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ აღმოსაფხვრელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მზად, ამისთვის არის, როგორც შიდა, ასევე გარე პირობები.

ესენი ასრულებენ მტრის დავალებებს. დიქტატორების დრო მიდის წარსულში. ყველაფრის გათვალისწინებით, ისტორიული ლოგიკის გათვალისწინებით, ხალხის განწყობისა და ფაქტორების გათვალისწინებით ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. 

იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი იმიტომ, რომ კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ დიდ როლს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.