ეს რეჟიმი თვითონ ჩადგა იმ ვითარებაში, რამაც გამორიცხა ნებისმიერი ტიპის ნორმალიზაცია დასავლელ პარტნიორებთან.  დღეს საქართველოს რუსეთი სრულად აკონტროლებს "ქართული ოცნების" ხელით, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არის სხვა ქვეყნის მიერ დასმული მმართველი.

"ეს რეჟიმი თვითონ ჩადგა იმ ვითარებაში, რამაც გამორიცხა ნებისმიერი ტიპის ნორმალიზაცია დასავლელ პარტნიორებთან. ეს არ არის მისი სულელური, იდიოტური ან პროპაგანდის შედეგი, არამედ ეს არის სწორედ მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკური ქმედებების შედეგი. ეს არის ის, რისკენაც ამ რეჟიმის პატრონები მიდიან. თუ მივაქცევთ ყურადღებას, ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ანალოგიური - არადიპლომატიური ენით საუბრობენ, არის რუსეთი. ყოველდღე გამოდის რუსი კლოუნი მედვედევი, გამოდის ზახაროვა, პესკოვი და ისე მიმართავენ დასავლელ პოლიტიკოსებს ან ისე მოიხსენიებენ მათ, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოში. რატომ? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი - დღეს საქართველოს რუსეთი სრულად აკონტროლებს "ქართული ოცნების" ხელით.

დღეს საქართველო არის რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებული. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს თანასწორობა, სამართალი, თანადგომა, ამისათვის გვჭირდება, რომ გავთავისუფლდეთ რუსული რეჟიმისაგან. ეს არ არის უბრალოდ ცუდი ხელისუფლება, ეს არის სხვა ქვეყნის მიერ მოვლენილი და ამ ქვეყნის თავზე დასმული ხელისუფლება. ეს ბევრად უარესია, ვიდრე უბრალოდ ცუდი ხელისუფლება. ამ რეალობაში ვართ დღეს ჩვენ. დასავლეთთან მიმართებით ეს ქმედებები კი ზუსტად იმიტომ ხდება, რომ გამოირიცხოს ნორმალიზაცია დასავლეთთან", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.