ეს არის რუსეთის გაძევება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და ირანისთვის, რომ სომხეთში ხელისუფლებას ჩამოაშორონ ფაშინიანი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთში შემოდგომიდან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

"ფართო სურათს რომ შევხედოთ, ეს არის რუსეთის გაძევება. თუ შევხედავთ, როგორი დაძაბული ვითარებაა რუსეთსა და სომხეთს შორის, ძალზე ლოგიკურია, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ, ერთმანეთთან რაც შეიძლება მალე გამონახონ საერთო ენა და ალიევისა და ფაშინიანის დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იმას მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ, სწრაფად დაძლიონ წინააღმდეგობები, გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება, რათა მთელი ძალებით რუსეთისთვის მოიცალონ, მათ შორის აღარ იქნება საჭიროება იმისა, რომ სომხეთში იმყოფებოდეს რუსული სამხედრო ბაზა. მისი ყოფნის ერთადერთი "გამართლება" იყო ის, რომ სომხეთის უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. როდესაც სომხეთს უსაფრთხოების პრობლემა მოეხსნება, მათი პრობლემაც უკვე ალოგიკური იქნება.

აქვე, ამ სურათში თურქეთიც უნდა დავამატოთ. რეალობაა, რომ ერთად გამოდიან დღეს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და მათ უკან ისრაელი, დასავლეთის ქვეყნები, ევროპა, აშშ, მეორე მხრივ, ერთად გამოდიან რუსეთი, "ქართული ოცნება" და ირანი - ასეთი უცნაური კოალიციები მივიღეთ სამხრეთ კავკასიაში. იმისთვის, რომ ეს კავშირი ფიზიკურადაც შეკრან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და ირანისთვის, რომ სომხეთში იყოს არა პროდასავლური, არამედ პრორუსული ხელისუფლება და ამ მიმართულებით ყველაფერს შეეცდებიან, რათა სომხეთში ხელისუფლებას ჩამოაშორონ ფაშინიანი.

მე მგონია, რომ მთავარი საფრთხე ახლა აქვს სომხეთს და სომხეთმა უნდა გაუძლოს რუსების შემოტევას, რომელიც კიდევ უფრო გააქტიურდება შემოდგომისკენ და მერე არის კიდევ არჩევნები. ძალიან საინტერესო, მაგრამ საფრთხეებით სავსე პერიოდში შევდივართ", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.