გორში მცირეწლოვანი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებებით დაიღუპა.

4 წლის ბიჭს ჩუტყვავილას სიმპტომები დაახლოებით 1 კვირის წინ განუვითარდა. ბავშვს მშობლები სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ოჯახის თქმით, ადგილობრივმა ექიმებმა მათ სათანადო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც გადაწყვიტეს ბავშვი თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაეყვანათ, მოზარდს გზაში გული გაუჩერდა.

"უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, თბილისში უნდა წაგვეყვანა. იავნანა გადმოიტანეს გორმედთან და იქ მივიყვანეთ, რომ შევიყვანეთ, გამოვიდა ექიმი, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო. ვუთხარი ექიმს, ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს, მოიცა, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. გამოვიტაცეთ და წამოვედით. გზაში გონება დაკარგა ბავშვმა, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, მაგრამ გული ჰქონდა გაჩერებული", - აცხადებს ბავშვის ბებია.

"როგორც ყოველთვის, "გორმედში" გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანიმობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ", - აცხადებს ბავშვის მამიდა.