პროევროპულ აქციებზე დაკავებულ საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

"რთულია იმის ყურება, როგორც ცდილობენ იძალადონ თქვენზე და ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავ როგორ იცავთ თქვენს უფლებას.

მე შინაგანი შიში მაწუხებს მაინც. რადგან მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ. არ მინდა მომავალი თაობები დიქტატურაში გაიზარდონ.

4-დან 7 წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება. მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა. ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან კარგი ხალხი გავიცანი.

მე მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ ცრემლს ვხედავ თქვენს თვალებზე. გაიღიმეთ ჩემთან ერთად", - განაცხადა საბა ჯიქიამ დღევანდელ პროცესზე. 

19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.