ადვოკატისა და ოჯახის ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე შეატყობინა.

"როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, დღეს პოლიტპატიმარ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა/თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნებრივია, დროულად მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ანტონი და სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა ინფორმაცია მიყენებული დაზიანებების შესახებ. აღნიშნულს აუცილებლად მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებაც. ამ დროისთვის ანტონი თავს ნორმალურად გრძნობს. დამატებითი სიახლეების შემთხვევაში ბუნებრივია, მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“ - წერს გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში. 

ოჯახის ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს.