ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობის წინ მოქალაქეები არიან შეკრებილი და მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებენ, მათ შორის ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტებიც არიან.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაცვის მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნა დააყენა. გირაოს ოდენობად კი ამაღლობელის უფლებადამცველებმა ასი ათასი ლარი დაასახელეს.

"თუ სასამართლო განსაზღვრავს დამატებით გადახდას, უძრავი ქონებით შევძლებთ მის უზრუნველყოფას. არანაირი საფრთხე არ არსებობს და არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს იმისა, რომ გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა", - განაცხადა მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა  სასამართლო პროცესზე.

მზია ამაღლობელს სასამართლო პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში  გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმის გამო კვლავ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.