ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება - მარკერით წარწერის გამო, შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია.

"ბრალი რომ დაუსაბუთებელია და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები რომ არ იყო ადგილზე, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის მარტივი კაზუსი.

რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება - მარკერით წარწერის გამო, შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ მაშინ, როცა ეს დანაშაული არ არის, რადგან ადამიანი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე  "კოალიცია ცვლილებებისთვის"  ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.  პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.