თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.