30 ივლისს, ღამით კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ის რეგიონში 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრად შეფასდა, რადგან მისმა სიძლიერემ თითქმის 9 მაგნიტუდა შეადგინა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის შეფასებით, ასეთი სიძლიერის მიწისძვრა რეგიონში 1952 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც კურილის კუნძულებსა და კამჩატკაზე სულ მცირე 2000 ადამიანი დაიღუპა.

ძლიერმა ბიძგებმა ნგრევა და ცუნამი გამოიწვია. მთავარი მიწისძვრის შემდეგ კიდევ 30 შესამჩნევი ბიძგი დაფიქსირდა 2-5 ბალიანი ინტენსივობით.

გარდა ამისა, ერთ თვემდე პერიოდში 7.5 ბალამდე მაგნიტუდის შემდგომი ბიძგებია მოსალოდნელი.

30 ივლისის 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შედეგად დაიტბორა კურილის კუნძულებზე მდებარე ქალაქი სევერო-კურილსკი. რუსული მედიის ცნობით, სტიქიის გამო სახალინის რეგიონში, კურილის კუნძულების ჩრდილოეთით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. მედია წერს, რომ მიწისძვრის შემდეგ კურილის კუნძულებზე 2,7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრის ოლეგ მელნიკის ცნობით, მიწისძვრის შედეგად „წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, თუმცა არიან დაშავებულები.

„არიან ადამიანები, რომლებიც გაქცევისას დაშავდნენ. არის პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. დაშავდა ქალი, რომელიც ახალი აეროპორტის შენობაში იმყოფებოდა“, - განუცხადა მან რუსულ მედიას.

კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 30 ივლისს ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ასევე ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

ცუნამმა ჰავაის უკვე მიაღწია. მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ.

ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია.

ცოტა ხნის წინ ცუნამი ასევე დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთსაც. კერძოდ, ივატეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ კუძისთან ტალღების სიმაღლე 1,3 მეტრს აღწევს. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო ევაკუირებული იყვნენ 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.