ბრალის წარდგენა დღეს იქნება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი, - ამის შესახებ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება.

"დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა. წამები წყვეტდა ამ ვითარებას, ამიტომ, არ დაიბნა და დროულად, უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე.

რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს იქნება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი. სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, ზეპირი და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გუშინ, 7 ივლისს გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.